17, ოქტომბერი 2018 20:01:00
თავსაფრის ტარების ტრადიცია და ქალები ღორჯომის ხეობიდან. რატომ უნდა ეხუროს ჩადრი ქალს 13 წლის ასაკიდან? რელიგიის პატივისცემა თუ ტრადიცია? რატომ ერიდებიან კამერის წინ საუბარს ის ქალები, რომელბიც ე.წ. კასინკას ატარებენ?
„სილგი“ - ასე ეძახიან თავსაფარს აჭარის შორეული მთის სოფლებში, რომელიც ადგილობრივების თქმით, ქალმა 13 წლის ასაკიდან უნდა ატაროს. თავსაფრის ტარების ტრადიცია მაღალმთიანეთში, ძირითადად მუნიციპალური ცენტრიდან კილომეტრობით დაშორებულ სოფლებს შემორჩა, განსაკუთრებით კი ამ ტრადიციას დღემდე, ღორჯომის ხეობაში იცავენ. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ თავდაპირველად თავსაფარს რელიგიური დატვირთვა ჰქონდა, მთავარი მოთხოვნა კი თმის დაბურვა იყო და ფერიც აუცილებლად თეთრი უნდა ყოფილიყო. დროთა განმავლობაში რელიგიასთან ერთად თავსაფარმა ტრადიციაში გადაიზარდა და აღმსარებლობასთან ერთად, ტრადიციისადმი პატივისცემის ნიშაც შეითავსა. ხენიფე ბერიძე ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც „სილგი“ 13 წლისამ გაიკეთა და დღემდე არ მოუხსნია.
ადგილობრივი 74 წლის თინა ბერიძე გვიყვება, რომ „სილგი“ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფერისა და ნაჭრის თავსაფარმა ჩაანაცვლა, რომელიც არ არის ისეთი გრძელი, როგორც „სილგი“, ამ ტიპის თავსაფარს კი „კასინკას“ ეძახიან. კასინკას ძირითადად ახალგაზრდა ქალები იკეთებენ.
ადგილობრივი ქალებთან ერთად, თავსაფარის ტარებას ტრადიციისა და რელიგიისადმი პატივისცემად მიიჩნევენ კაცებიც. ამბობენ, რომ ქალმა თავსაფარი გათხოვების შემდეგ აუცილებლად უნდა ატაროს.
ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ დღეს, ხეობაში თავსაფარს ძირითადად ის ქალები ატარებენ, რომელიც მუსლიმურ სასწავლებელში - მედრესეში სწავლობენ.
მთაში დღემდე შემორჩენილ ამ ტრადიციაზე ქალებს საჯაროდ საუბარი უჭირთ, უფრო მეტიც, მთელს ხეობაში იშვიათად იპოვი ქალს, ვინც სატელევიზიო ინტერვიუზე გთანხმდება.
სიუჟეტი მომზადებული ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.